თავისუფლება ჯიბეში იწყება

ლიშთოთას guest-post

ადრე ერთ-ერთ ჟურნალში ახალგაზრდა თაობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე სტატია გამოვაქვეყნე. მიმიქარავს ნოდარ დუმბაძის ‘უშანგი ქოჩაკიძის ნიჰილიზმი’, ისე გვარიანად ვიწუწუნე; მოკლედ რომ მოვჭრა, ჩვენს ახალგაზრდობას ‘არშემდგარი თაობა’ ვუწოდე, – თაობა, რომელმაც საკუთარ ასაკობრივ-სოციალურ სტატუსს სათანადო, ბუნებრივი პასუხი ვერ გასცა და დღემდე ქვევრის ამოხაძილად რჩება.

წუწუნის ჩვევა დღემდე გამომყვა – კვირა არ გავა, რელიგიაზე, მედიაზე ან პოლიტიკურ საკითხზე არ ‘დავიცალო’ (რას ვიზამთ, არამიმზიდველ გარემოსთან ადაპტირების მექანიზმია), ბოლოს კი ისევ ერთ წერტილს ვუბრუნდებით მე და ჩემი მეგობრები. ეს ავადსახსენებელი ‘წერტილი’ მკითხველისთვის ნაცნობი და ბანალური კლიშეა: “ახალი თაობა თუ არ მოვიდა, არაფერი გვეშველება”. ვერაფერი დასკვნაა – ცარიელი თეორია: იცი, საიდან შეიძლება ყავლგასულ საზოგადოებრივ დამოკიდებულებებში სიახლესა და ცვლილებებს ელოდო, მაგრამ იმ მიმართულებით გახედვაც კი გიმძიმს. ადვილად შევთანხმდებით, რომ ეს უბრალოდ დასკვნა კი არა, არამედ უკანდახევაა – იმის აღიარება, რომ ჩიხში ხარ.

სტუდენტებთან თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს, +  teen.ge-ის კონტენტ-ადმინისტრატორი ვარ და  ყოველ საღამოს მიწევს იქ გახსნილი თითოეული თემის შინაარსის გადახედვა, ასე რომ, მეტ-ნაკლებად დამეჯერება. თუმცა ადრე ნათქვამის ზედმიწევნით გამეორება არ ღირს. საკმარისია იმის აღნიშვნა, რომ ჩვენი ჯეელობა საშინლად დოგმატური და კონფორმიზმით მოწამლულია. უყურებ და უსმენ ახალგაზრდას, მისი მსჯელობა კი ამ ქვეყანაზე გაავებული მოხუცებულისაა. 26 წლისა ხარ და შენ უფრო თინეიჯერი ხარ, ვიდრე ის. ვერაფერი გაგიგია.

ერთი-ორი წლის წინ ვირტუალურ სივრცეში ამას ღიად დავცინოდით და ჯეელების მაჩო-მურთაზობას ხან მოზასავე იმოების ფოტოებით ვაღიზიანებდით, ხანაც “ძმაკაცის დის პრობლემას” ვამასხარავებით (ვინ თქვა გესლი და ცინიზმი ცუდიაო? ტკბილია ნებისმიერი პროვოკაცია, –  მოწოლილი აგრესიისგან თავისუფლდები). პრინციპში ყველაფერი სექსუალურ თავისუფლებამდე მიდიოდა, რასაც თავის დროზე ირაკლი ჩარკვიანი ქადაგებდა. დაახლოებით ასე ჟღერდა: “ქართველებო, რაც შეიძლება ბევრი იჟიმავეთ!”

აგაშენა ღმერთმა, მაგრამ განა არ ჟიმაობენ ეს გოგჩო-ბიჭები?! მთლად ისეც არაა საქმე, ყველას რომ სექსუალურად დაუკმაყოფილებელ, ჰორმონებაშლილ ფსიქოპატებად ვნათლავთ ხოლმე ხშირად. მაგრამ არ მოაქვს ამას თავისუფლება აზროვნებაში. რატომ?

ჩვენს კულტურაზე – როგოროც თანამედროვე ღირებულებათა სისტემაზე რომ ვფიქრობ, ერთი მახასიათებელი მახსენდება. ის არც “ძველქართული”  ან ტრადიციულია (სრული სისულელეა, სულაც არ აქვს ამ ტრადიციონალიზმს ისტორიული ფესვები, როგორც ბევრი ფიქრობს) და არც მაინც და მაინც “სოფლური” ან “წინაინდუსტრიული” თუ “პრემოდერნული”. ის უბრალოდ ძალიან ახალია, – საბჭოთა, – ამ სიტყვის სრული გასიგრძესიგანებით. იქ ინდივიდი არ არსებობდა, შესაბამისად – არც თავისუფლება საჯარო სივრცეში. რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ დასავლეთის “სექსუალური რევოლუციების” გამოცდილებაზე, ყველაფერი ილუზიად დარჩება მანამ, სანამ მშობლებისგან ახალგაზრდა ეკონომიკურად და, შესაბამისად, ფსიქოლოგიურადაც არ ემანსიპირდა, მათ მიერ (ხშირად წარმოუდგენელი შრომითა და წვალებით) ხონჩით მორთმეულ კომფორტსა და რესურსებზე უარი არ თქვა. ამის გარეშე პოსტკომუნისტური თავისუფლება უფრო და უფრო შეგვაშინებს.

2004 წელს პოლონეთში გავემგზავრე ერთწლიანი სასტიპენდიო პროგრამით. ნუ გეშინიათ, სულ არ ვაპირებ იმაზე საუბარს, რა შეცვლილი და გონებაგახსნილი ჩამოვედი. რა ჩირიც წავედი, ის ჩამოვედი. თუმცა რაღაც კი დაილექა… სოფლებიდან საუნივერსიტეტო ქალაქში ჩასულ ექვს სტუდენტთან ერთად ვიყოფდი ბინას. თითოეული ტრაბახობდა, ადრეული ასაკიდან როგორ შოულობდა ფულს – ღებვით, შენებით, მოხუცებულების მოვლით, საკანცელარიო-საოფისე შავი საქმით და ა.შ. ჰოდა ყველა ისე გულაობდა და ისე ფიქრობდა, როგორი თავისუფლებითაც სარგებლობდა. ფინანსური თავისუფლებით! მე რაზე ვლაპარაკობდი? იმაზე, რომ ჩვენში ქალის მოტაცების ტრადიცია იყო და wino (ღვინო) და “მედიცინა” ქართული წარმოშობის სიტყვებია. ეს იყო “საკუთარი შრომითა და თვითდისციპლინით მიღწეული” ჩემი წარმატებები – ჩემი უბადრუკი ეთნომითოლოგია და კულьტურა.

საჯაროობა უკვე ოჯახშივე იწყება, შემდეგ სკოლასა და საუნივერსიტეტო სამეგობრო წრეებში, საერთო ინტერესებით გაერთიანებულ კუტოკებში. საჯაროობა თავისუფლებაა, – გამოხატვის, ქმედების, თვითრეალიზაციის თავისუფლება. ჩვენი ახალგაზრდების კუტოკები კი პატარა გეტოებია. აბა მიდით და ამ მეამბოხეებს მიკროფონი მიუშვირეთ. ზურგს მოგიშვერენ. ხომ მოკლა მერე მამამისმა! ბევრს ეგონა, რომ იუთუბზე ვი-ბლოგების სიჩუმეც უხარისხო ინტერნეტის ბრალი იყო. ტყუილი აღმოჩნდა. ვარნა-ფოთი გვაქვს, სათქმელი – ბევრი არაფერი. არიქა – ვიღაცამ არ დაგვცინოს, მეზობელმა არ დაგვინახოს, კოლეგამ არ იღადაოს!

ჰოდა სანამ კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგავს ახალგაზრდა ამ დამოუკიდებლობისკენ და მხოლოდ მისი სიმულაციითა დაკავებული (ამხანაგი ჩეს მაიკები რულავს!), ყოველთვის ვიღაცის დებილი შვილი იქნება, რაც არ უნდა აკეთოს. ყოველთვის დაშინდება, ყოველთვის დამალავს საკუთარ თავისუფლებას – საკუთარ აზრს, საკუთარ ‘მე’ს. “უძღები შვილის” გზა ბიბლიური სიბრძნეა (ნუთუ მართლა ჰგონიათ ამ ბნელებს, რომ მისი მორალი მამასთან დაბრუნებაა?). ჰოდა, მართალია დაგვიანებით, მაგრამ მეც ამ გზას ვადგები.

Advertisements